ჯაფარიძე პოლიციას მოუწოდებს, Reformerfitness-ი, რომელიც ბინად იქირავა, დატოვონ

ბათუმში, Reformerfitness-ში, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა.

ის პოლიციელებს მოუწოდებს, დატოვონ დარბაზი, რომელიც მან ბინად იქირავა.

“მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში, ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა” – ამბობს ჯაფარიძე. კერძო საკუთრებაა, ბინაა და გთხოვთ, დატოვოთ. ეს ჩემი ბინაა. შუადღეზე ვიქირავე და აქ ვცხოვრობ, შემიძლია გაჩვენოთ ზეპირი ხელშეკრულება. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ”, – უთხრა ჯაფარიძემ სამართალდამცავებს.

Reformerfitness–ში, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს, დიდი რაიდენობით სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიცია ამბობს რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. შსს–ს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ კლუბი აკრძალულ ეკონომიურ საქმიანობას ახორციელებს და გამოძიება 248-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ლიკვიდაციას, ჯარიმას ან საქმიანობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

დღეს ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა მუშაობას აგრძელებს. გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან დარბაზი საკუთარ სახლად იქირავა, ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ მას ესტუმრონ და უფასოდ ივარჯიშონ.