ჯონ ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი სიმსივნით გარდაიცვალა

58 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კელი პრესტონი, მსახიობ ჯონ ტრავოლტას ცოლი.

“ჩემი მშვენიერი ცოლი კელი დამარცხდა კიბოსთან ბრძოლაში, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა. ის თავდადებით იბრძოდა, სიყვარულით და ბევრი ადამიანის მხარდაჭერით გარშემორტყმული“ – დაწერა ინსტაგრამზე ჯონ ტრავოლტამ.

კელი პრესტონი ჰავაიში, ჰონოლულუში დაიბადა. პირველი როლი 1985 წელს შეასრულა

ჯონ ტრავოლტასთან ქორწინებაში 29 წელი გაატარა. მიუხედავად ქმრის დიდი პოპულარობისა, კელი მის ჩრდილში არ რჩებოდა. მან ითამაშა როლები ფილმებში: “ჯერი მაგუაიერი“ , “ ქუდიანი კატა“, “ტყუპები “, “შებინდებიდან განთიადამდე“.

ბოლო როლი პრესტონმა ქმართან ერთად 2018 წელს ფილმ “გოთი“–ში შეასრულა. ფილმს ისინი ერთად წარადგენდნენ კანის ფესტივალზე.

“ჩვენ დრო დაგვჭირდა, რათა ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ქორწინება თავისთავად არ იქმნება. სიყვარული მუდმივად უნდა შექმნა. ჩვენ არაფერს ვართულებთ. არცერთ ჩვენგანს არ უყვარს ჩხუბი, ერთმანეთს მტკივნეულ წერტილებზე არ ვაწვებით“ – ეუბნებოდა კელი ჟურნალისტებს.

“მე ცოტა ხნით ჩამოვშორდები საქმეებს, რათა ჩვენს შვილებთან ერთად გავატარო დრო, რომლებიც უდედოდ დარჩნენ. წინასწარ გთხოვთ პატიებას ამის გამო: იცოდეთ, რომ ვიგრძნობ თქვენს მხარდაჭერას მთელი კვირების და თვეების განმავლობაში, სანამ ჩვენი ჭრილობა შეხორცდება“– დაწერა ტრავოლტამ ცოლის სიკვდილის შემდეგ.

2009 წელს ტრავოლტამ და პრესტონმა მძიმა დარტყმა გადაიტანეს: ბაჰამის კუნძულებზე ოჯახური დასვენების დროს მათი 16 წლის შვილი, ჯეტი გარდაიცვალა, რომელსაც ბავშვობიდან კავასაკის სინდრომი ჰქონდა.

წყვილს კიდევ ორი შვილი ყავს – 20 წლის ელა ბლიუ და 10 წლის ბენჯამინი.

ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით კელი პრესტონი საკუთარ დიაგნოზს საიდუმლოდ ინახავდა და ფართო საზოგადოებას არ უმხელდა. მისი თქმით, ოჯახის იმედი აქვს რომ მას გაგებით მოეკიდებიან და უახლოეს მომავალში არ შეაწუხებენ.

ოჯახს თანაგრძნობა უკვე მრავალმა კინოვარსკვლავმა გამოუთქვა.