ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ბრიტანეთის დედოფალს ესტუმრნენ

აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი დიდი ბრიტანეთის დედოფალთან შესახვედრად უინძორის სასახლეში მივიდნენ და მასთან ერთად ჩაი მიირთვეს.

ბაიდენების ოჯახი ელისაბედ მეორეს დიდი შვიდეულის სამიტის ბოლო დღეს ეწვია, რომელიც კონუოლში მიმდინარეობდა. სამიტზე მსოფლიოს უმსხვილესი ეკონკების მქონე ქვეყნების ლიდერები კლიმატის ცვლილების და კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებს განიხილავდნენ. პარასკევს დედოფალი კორნუოლის ბოტანიკურ ბაღში G7–ის ლიდერებისთვის გამართულ მიღებაზე მივიდა. შაბათს კი დედოფალმა საკუთარი დაბადების დღე ოფიციალურად აღნიშნა.

სინამდვილეში დედოფალს 95 წელი 21 აპრილს შეუსრულდა, თუმცა ტრადიციის მიხედვით ფორმალურად ბრიტანეთის მონარქი დაბადების დღეს ივნისის მეორე შაბათ დღეს აღნიშნავს.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მინი–აღლუმი უინძორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა და არა ლონდონის ცენტრში.

დღეს კი დედოფალმა ბაიდენების ოჯახი უინძორის სასახლეში მიიღო. სტუმრებს საპატიო დედოფლის პირველი ბატალიონის გვარდიელები საპატიო ზალპით მიესალმნენ, რის შემდეგაც აშშ–ს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ამის შემდეგ ბაიდენმა მაიორ ჯეიმს ტეილორის და გენერალ–მაიორ კრისტოფერ გიკის თანხლებით საპატიო ყარაული დაათვალიერა, რის შემდეგაც პოდიუმზე დაბრუნდა, საიდანაც სამხედრო მარშს უყურებდა.

სამხედროების ინსპექტირების ცერემონიალზე როგორც წესი სახელმწიფოთა მეთაურების თანხლება ედინბურგის ჰერცოგის მოვალეობა იყო მანამ, სანამ ის 2017 წელს მოვალეობების შესრულებას თავს გაანებებდა. აპრილში კი პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

95 წლის დედოფალი აშშ–ს მოქმედ პრეზიდენტს პირველად 1951 წელს შეხვდა. მაშინ ის ჯერ კიდევ პრინცესა იყო. აშშ–ს პრეზიდენტი კი ჰარი ტრუმენი.

მას შემდეგ დედოფალი აშშ–ს 14 ლიდერს, ანუ თითქმის ყველა პრეზიდენტს შეხვდა ლინდონ ჯონსონის გარდა.

2019 წელს დედოფალი მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა. ტრამპების ოჯახი დედოფალმა ჩაიზე დაპატიჟა.