ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ფსაკის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის აშშ-ს სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმა და ოპოზიციონერ ნავალნის მოწამვლა.

“ჯო ბაიდენმა დაადასტურა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის აგრესიის პირობებში და გამოთქვა სხვადასხვა საკითხების მიმართ შეშფოთება. ეს საკთხებია, ამერიკის სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმა, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს დაწესება, 2020 წლის არჩევნებში ჩარევა, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება”, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

პრესმდივნის განცხადებით, საუბრისას ჯო ბაიდენმა რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელების განზრახვის შესახებაც განაცხადა.