ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინ აქცია მიმდინარეობს

დღეს, 17 მაისის, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, ონლაინ-აქცია მიმდინარეობს.

პოლიტიკოსები, ლგბტქ+ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წევრები და სხვა მხარდამჭერები Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით საუბრობენ ლგბტქ+ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

აქციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თეოლოგი ბასილ კობახიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, თბილისის პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაგარი, ლესბოსელი აქტივისტი, თანასწორობა 17-ის დირექტორი ნინო ბოლქვაძე,  საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია და სხვები.

,,ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

როგორ ვცოცხლობთ იზოლაციაში? როგორ შეეხო კომენდანტის საათი თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს და როგორ ამძაფრებს ის ჰომოფობიური ძალადობის საფრთხეს? როგორ უმკლავდებიან უმუშევრობას და კარანტინის გამო წარმოქმნილ სხვა პრობლემებს თემის წევრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? საკმარისია ეპიდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხი? როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები.

ერთად გავიაზრებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. დემონსტრაციის მონაწილეებს შესაძლებლობა გვექნება გამოვთქვათ მოსაზრებები და/ან კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ხმა გავაჟღეროთ ყველამ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებმა და ემიგრაციაში მყოფმა თემის წევრებმაც”,- წერია აქციის აღწერაში.