2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა

ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებისთვის ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

უწყების განცხადებით, ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12-ს უარი ეთქვა, ხოლო რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)“, – აცხადებს ცესკო.

2020 წლის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.