23-ში დაბადების დღეა, იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით, – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ ნანა ბუნტურმა განაცხადა.

„შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს.პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.23-ში ჩემი შვილის დბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით.“, – განაცხადა ნანა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.