23 მილიონი არდაბადებული გოგონა. საქართველო სელექციური აბორტების მხრივ მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერია

ჯამში დაახლოებით 23 მილიონი გოგო არ დაიბადა დედამიწაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მშობლებს მომავალი ბავშვის სქესი არ აწყობდათ და გადაწყვიტეს ნორმალურად მიმდინარე ფეხმძიმობა შეეწყვიტათ.
ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ მაშტაბური კვლევის შედეგებზე ბიბისი წერს. ბიბისის კორესპოდენტის შედარებით, 23 მილიონი ადამიანი – ეს არის მაგალითად ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი, ან ავსტრალიის თითქმის მთელი მოსახლეობა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ბელგიის ან კუბის მოსახლეობა და ოთხჯერ მეტია დანიის ან ფინეთის მოსახლეობაზე.
მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შობადობის მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ამ დროის მანძილზე რამდენიმე ქვეყანაში ახალდაბადებულთა სქესის თანაფარდობის მხრივ მკვეთრი ცვლილება მოხდა: ახალდაბადებული ბიჭების რიცხვი გაიზარდა, გოგონებისა კი მკვეთრად შემცირდა.
განსაკუთრებით მკვეთრად ეს ტენდენცია 11 ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: საქართველოში , აზერბაიჯანში და სომხეთში. თუმცა შეწყვეტილი ფეხმძიმობების ყველაზე დიდი წილი ინდოეთზე და ჩინეთზე მოდის.

არასასურველი გოგონები


ბიბისის ცნობით საშუალოდ ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგონაზე დაახლოებით 105 ბიჭი მოდის. წლიდან წლამდე ეს თანაფარდობა ამა თუ იმ ქვეყანაში შესაძლოა მერყეობდეს, თუმცა მთლიანობაში უცვლელი რჩება – მიუხედავად ქვეყნისა.
თუმცა თითქმის 40 წლის წინ გამოჩენილმა ტექნოლოგიამ, რომელიც ჯერ არ დაბადებული ბავშვის სქესის დადგენის საშუალებას იძლევა, სელექტიური აბორტების პრაქტიკა დანერგა.
მომავალ მშობლებს გაუჩნდათ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, დაიტოვონ თუ არა ბავშვი იმის მიხედვით, რომელი სქესის არის ის.
ზოგადად მსოფლიო ტენდენცია შობადობის კონტროლისკენ და შემცირებისკენ მიდის. და ამის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას ფეხმძიმობის შეწყვეტის შესახებ, თუ ბავშვის სქესი არ აკმაყოფილებს. კულტურათა უმრავლესობაში კი ტრადიციულად უპირატესობას ბიჭის დაბადებას ანიჭებენ.
სწორედ ამ მიზეზით ბევრ ქვეყანაში ექიმებს კანონმდებლობით აეკრძალათ მშობლებისთვის მუცლადმყოფი ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, როცა აბორტის გაკეთება უფრო იოლია.

მეტისმეტად ბევრი ბიჭი

1970–დან 2017 წლამდე ორასამდე ქვეყანაში შობადობის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა რიგი ანომალიები აღმოაჩინეს, როცა მაგალითად ამა თუ იმ პერიოდში ახალშობილთა სქესის თანაფარდობა მკვეთრად და არაპროპორციულად შეიცვალა.
მაგალითად, ჩინეთში 2005 წელს ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგოზე 118 ბიჭი მოდიოდა. ინდოეთში ათი წლით ადრე 100 გოგოზე 111 ბიჭი.
ახალშობილი ბიჭების რაოდენობის ანომალური ზრდა დაფიქსირდა კიდევ ცხრა სახელმწიფოში: აზერბაიჯანში, ალბანეთში, სომხეთში, ვიეტნამში, საქართველოში, ტაივანში, ტუნისში, ჩერნოგორიაში და სამხრეთ კორეაში.
პირველი ქვეყანა, რომელსაც სელექტიური აბორტების ტალღამ გადაუარა ინდოეთი იყო. არაპროპორციულად ბევრი ბიჭის დაბადება აქ ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
1980–იანების დასაწყისში იგივე პროცესი დაიწყო ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტუნისში და ჩერნოგორიაში. თუმცა დღეისათვის სქესთა თანაფარდობა ყველა ამ ქვეყანაში ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა, გარდა ჩინეთისა. იქ 100 გოგონაზე ამჯერად 114 ბიჭი მოდის.
სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში სელექტიური აბორტების აფეთქება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – 1990–იან წლებში შეინიშნებოდა და მთლიანობაში შობადობის მკვეთრ კლებას დაემთხვა.
ბიბისის წერს, რომ საქართველოში თანაფარდობა გამოსწორდა, თუმცა სომხეთში და აზერბაიჯანში სელექტიური აბორტების პრაქტიკა კვლავ ფართოდ არის გავრცელებული. 2017 წელს 100 ახალდაბადებულ გოგონაზე ამ ქვეყნებში საშუალოდ 112–113 ბიჭი მოდიოდა.