“3 თვე გავიდა და სამედიცინო-სტატისტიკური კანონზმომიერებების დადგენაც კი ვერ მოხერხდა“–ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში პანდემიის შესახებ წერს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია:
“კორონავირუსმა ჯანდაცვის მსოფლიოს სისტემასთან ერთად მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასაც დაარტყა და ერთგვარი კომპიუტერული ვირუსივით მოქმედებს. 3 თვე გავიდა და სამედიცინო-სტატისტიკური კანონზმომიერებების დადგენაც კი ვერ მოხერხდა. არავის აქვს მყარად ჩამოყალიბებული ინფორმაცია ვირუსის ქცევების შესახებ. მხოლოდ ზედაპირული სპეკულაციების დონეზე რჩება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მიმდინარე კლინიკური და ეპიდემიოლოგიური პროცესების ახსნის მცდელობა.
სრული ქაოსია მსოფლიოს გონებაში.
ჩინეთი, უზარმაზარი კომუნისტური მონსტრი, რომელმაც პროგრესული მსოფლიოს ფინანსური და პოლიტიკური ხელშეწყობით მოახერხა და უბოროტეს იდეოლოგიას ფსევდოკაპიტალისტური ქოლგა გადააფარა. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ის მსოფლიო ქაოსი, რომელიც ამ მონსტრისაგან წამოვიდა და რომელსაც გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსისაკენ მიჰყავს პროგრესული სამყარო. ეს არის ფასი პოლიტიკური და იდეოლოგიური ფარისევლობისათვის. ყველა ის ფინანსური დანაზოგი, რაც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა იაფი ჩინელი მუშახელის მეშვეობით შექმნეს, მალე პრაქტიკულად განულდება.“–წერს ზურაბ გურული.