31-ში პარლამენტის წინ გამარჯვების აქციას ვგეგმავთ – ბარამიძე მდინარაძეს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ თბილისის მერიაში ენმ–ს მიერ შევიდა წერილი, სადაც ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აქციის გამართვის უფლებას ითხოვს.

ბარამიძე ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს პარტია აქციას მართლაც ჩაატარებს, თუმცა ეს გამარჯვების აღსანიშნავად მოხდება.

“დიახ, ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. რა, ესეც არ შეიძლება, რომ მშვიდობიანი აქცია ჩავატაროთ?

8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან, რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ.

ხალხი, გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და აი, ამის ეშინიათ”,– ამბობს ბარამიძე.