ლონდონში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

ლონდონის აღმოსავლეთში, ExCel–ის საგამოფენო ცენტრის ბაზაზე დიდ ბრიტანეთში პირველი დროებითი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა კორონავირუსით დაინფიცირებლებისთვის.

ნაითინგეილის საავადმყოფო, რომელშიც სამოქალაქო და სამხედრო მედიკოსები იმუშავებენ, ერთდროულად 4000 პაციენტის მიღებას შეძლებს.

ჰოსპიტალი შოტლანდიური რეზიდენციიდან ვიდეოკავშირით საზეიმოდ გახსნა პრინცმა ჩარლზმა, რომელსაც მარტში კორონავირუსი აღმოუჩინეს.

დროებითი საავადმყოფოების გახსნა იგეგმება უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის კარდიფში, გლაზგოში, მანჩესტერში და ბრისტოლში.

პირველი ჰოსპიტალი, რომელიც ExCel–ის ცენტრში გაიხსნა, სულ 9 დღეში შეიქმნა.

საავადმყოფოს საზეიმო გახსნისას თვითიზოლაციაში მყოფა პრინცმა ჩარლზმა მაღალი შეფასება მისცა ბრიტანელი მედიკოსების ძალისხმევას და ჰოსპიტალს “დიდებული და აქამდე არნახული შედევრი უწოდა, რომელმაც იმის დემონსტრირება მოახდინა, როგორ შეიძლება შეუძლებელი შესაძლებლად იქცეს.“

“ ამ ბნელ დროს ეს საავამდყოფო შეიძლება სინათლის სხივი გახდეს“– დასძინა პრინცმა.

თავიდან ნაითენგეილის საავადმყოფოში 500 საწოლი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდება 3500 ადგილის დამატება. საავადმყოფო მიიღებს კორონავირუსით დაინფიცირებულ მძიმე პაციენტებს ლონდონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან.

ჰოსპიტალში ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის თანამშრომლები იმუშავებენ, ასევე  სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტები, პენსიაზე გასული ექიმები, ექთნები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

გახსნის ცერემონიალს ჯანადცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკიც ესწრებოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა.

ცერემონიალისას ოფიციალური პირები სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, ერთმანეთისგან დაშორებით იდგნენ.