8 საძინებელი, 12 სააბაზანო: ცნობილი გახდა, სად ცხოვრობენ სინამდვილეში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

რამდენიმე კვირის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 20 მილიონ დოლარად ღირებულ მელ გიბსონის ყოფილ სახლში, ლოს ანჯელესში დაფუძნდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ცოლ–ქმარს ჯერ სახლი არ უყიდია და დროებითი საცხოვრებელი მოძებნეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით სასექსის ჰერცოგი და მისი ოჯახი მაგნატის და მსახიობის, ტაილერ პერის უზარმაზარ ვილაში ცხოვრობენ. სახლი 8 საძინებლით და 12 სააბაზანო ოთახით   მკაცრად დაცულ ელიტურ კომპლექს Beverly Ridge Estates–ში მდებარეობს, რომელსაც ქალაქის შესანიშნავი ხედი აქვს. როგორც ჩანს, წყვილი ვილას არ ქირაობს და აქ პერის სტუმრის სტატუსით ცხოვრობს. ვერავითარი დოკუმენტი, რომელიც ვილის ყიდვას ან დაქირავებას ადასტურებს, ჯერჯერობით ვერავინ იპოვნა.

ინფორმირებული წყაროების ცნობით ჰარი და მეგანი აქ მარტის დასაწყისიდან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა რომ სამეფო ოჯახის წყვილს ტაილერი მათმა საერთო ახლო მეგობარმა, ოფრა უინფრიმ გააცნო.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსი წევრის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ წყვილი დროებით კანადაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიაში დასახლება გადაწყვიტა.