ჰუავეისთვის ევროპული ბაზარიც იკეტება
მსოფლიო ბაზარზე ჰუავეიზე ზეწოლა ძლიერდება. ჩინური კომპანია ევროპულ ბაზარზეც არასასურველი პარტნიორი ხდება. სატელეკომუნიკაციო კომპანია  Orange–მა, რომელიც საფრანგეთში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია ქვეყანაში    5G ქსელიდან ჰუავეის პროდუქტების ამოღება დაიწყო.ფრანგული Orange –ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ჰუავეისთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ და ტრადიციულ პარტნიორებთან – ერიქსონთან  და ნოკიასთან თანამშრომლობას განაგრძობენ. გერმანული დოიჩე ტელეკომი კი აცხადებს, რომ ჰუავეის ტექნიკის გამოყენების და გაყიდვის საკითხს გადახედავს. დოიჩე ტელეკომში სერიოზული დისკუსია აქვთ ჩინელი მწარმოებლისგან ქსელის ელემენტების უსაფრთხოების შესახებ.კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით მათი კომპანიის სტრატეგიაა ტექნიკა სხვადასხვა მომწოდებლისგან შეიძინონ, თუმცა ამჯერად ამ სტრატეგიის გადახედვის პროცესში არიან.


 

ჩინური კომპანია, რომელიც სმარტფონებს და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს ყიდის აშშ–სა და სხვა ქვეყნებში მზარდ პრობლემებს აწყდება. ქვეყნების ოფიციალურმა სტრუქტურებმა კომპანიები და მომხმარებლები ჰუავეის პროდუქტების გამოყენებისას ნაციონალური უსაფრთხოების პოტენციური რისკების შესახებ გააფრთხილეს. ცოტა ხნის წინ მისი ფინანსური დირექტორის, მენგ ვანჯოუს დაპატიმრებამ ჰუავეის გარშემო დამატებითი კითხვები გააჩინა. მენგი კანადის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა ელის აშშ–ში მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა მას ბრალად სდებს , რომ  კომპანიას ირანის მიმართ სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.

ევროპული კომპანიების განცხადებებს წინ უძღვოდა SoftBank–ის განცხადება, რომ ის ჰუავეის გადამცემებს საკუთარი ქსელიდან ამოიღებს. SoftBank იაპონიაში სიდიდით მესამე უსადენო ქსელის მფლობელია და მისი ეს გადაწყვეტილება ჰუავეის იაპონურ ბაზარზე სერიოზულ დარტყმას აყენებს.

ჰუავეისთვის ამერიკული ბაზარი პრაქტიკულად დაკეტილია. ამ ქვეყანაში კომპანიას იურისტები  და ჩინოვნიკები ხშირად ადანაშაულებდნენ რომ ის ჩინეთის მთავრობის გავლენის ქვეშ მუშაობდა. კომპანია ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი მფლობელები მისივე თანამშრომლები არიან. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით მათ აპარატურას მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან 46 ენდობა. მაგრამ უსაფრთხოების სამსახურები შეშფოთებულები არიან ჰუავეის ჩართულობის გამო სამომავლო 5G ქსელების აშენების  პროცესში, რადგან მათ აპარატურას ამის შედეგად უამრავ მოწყობილობასთან და ოჯახთან ექნება წვდომა. ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ სატელეკომუნიკაციო კომპანიები გააფრთხილეს, რომ 5G ქსელის მშენებლობისას ჰუავეის აპარატურა არ გამოეყენებინათ. ჰუავეის საკითხს დიდ ბრიტანეთშიც განიხილავენ. ბრითიშ ტელეკომმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის არ შეიძენს ჰუავეის აპარატურას უკაბელო 5G ქსელის მშენებლობისას.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები