ბანკიდან წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ - ხაზარაძე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას საუბარი სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტში მისი მისვლის მიზანს სიმართლის თქმა წარმოადგენდა და სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომა "დაიხურა".

"ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი (როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის) მოწვევა, მერწმუნეთ, ჩვენ აქ არ მოვიდოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ვართ და არ გვჭირდება ტრიბუნა პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახით უკვე გავაჟღერეთ. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და სერიოზული შემოტევა სხვადასხვა ბოტებით თუ "ფეიკნიუსებით". ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შესაძლოა, ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მივცემდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს. მეორე - კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლებოდა, მიყენებოდა ჩვენ აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. დღევანდელი მსჯელობა მგონი სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ განმარტება გაგვეკეთებინა, დაწყნარებულიყო აჟიოტაჟი და მედიას, საზოგადოებას, დეპუტატებს გაერკვიათ, რა მოხდა რეალურად - ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ",თქვა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

ის ამბობს, რომ საკითხი არ ეხება თიბისის და მამუკა ხაზარაძეს - ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. "თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხვდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე მიდის კომენტარები, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით - ეს ძალიან ცუდი მოსასმენია",თქვა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, სხდომის დასრულების მოტივაციად რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება დაასახელა: "კომიტეტის სხდომა დასრულდა - ამის მიზეზი გახდა მთავარი განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა კობა გვენეტაძემ. მან თქვა, რომ ის მზად არის, ისაუბროს ყველაფერზე თუ პასუხისმგებლობას აიღებენ კომიტეტის წევრები იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა, ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო კომერციული ბანკისათვის. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა როდესაც ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს განცხადება არ არის თითიდან გამოწოვილი და ამის უკან გარკვეული ლოგიკა - რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებთან ერთად, ეს არ იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება".

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული