სავალუტო ფონდმა 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა
მსოფლიო ეკონომიკა - შარშანდელის მსგავსად - წელსაც ნელი ტემპით გაიზრდება, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, ამბობს, რომ 2019 წლის ბოლოსკენ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპმა შესაძლოა მოიმატოს. თუმცა, ანგარიში რამდენიმე სარისკო ფაქტორსაც ასახელებს, რომელმავ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შესაძლოა ხელი შეუშალოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.6 პროცენტით გაიზრდება. 2018 წლის ნოემბერში ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.8 პროცენტით უნდან გაზრდილიყო. ბოლო ექვსი თვის მანძილზე ფონდმა ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენით შეამცირა.

ამჟამინდელი გათვლებით, 2020 წლისთვის ფონდი საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიანი ზრდას ვარაუდობს. 2018 წელს, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

იმ საკითხებს შორის, რამაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს ფონდმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა და თურქეთის და არგენტინის ეკონომიკური განვითარება დაასახელა.

გრძელვადიანი პროგნოზის კუთხით, ფონდი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკები უთანასწორობის ზრდას, სუსტ საინვესტიციო გარემოს და სავაჭრო პროტექციონიზმს უნდა გაუმკლავდნენ.
Print
ბოლო სიახლეები