ლარის უპრეცედენტო გაუფასურება, ფასების ზრდა და გაკოტრების პირას მყოფი იმპორტიორები
ლარმა არსებობის  ისტორიის მანძილზე გაუფასურების ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2. 7997–ია, თუმცა კომერციული ბანკები 1 აშშ დოლარს 2 ლარად და 84 თეთრად ყიდიან.
გაუფასურებული ლარი პირდაპირ აისახება ფასებზე. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ გაკოტრების პირას მივიდა, რადგან კურსთაშორის სხვაობამ დიდი დარტყმა მიაყენა და მათ ბიზნესს, ფასების გაძვირებაც კი ვერ გადაარჩენს.

გაუფასურებული ლარი ამავე კვირაში აისახება წამლის ფასებსა და საწვავზე. მედიკამენტების ფასი, რომელიც ყოველთვიურად ძვირდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე დაანონსდა საწვავის ფასის ზრდა. ბენზინის ფასი  საქართველოში ისედაც უკიდურესად გაზრდილია,  თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ამბობენ, რომ არსებულ ფასს ვერ შეინარჩუნებენ და საწვავის გაძვირება მოუწევთ.

ლარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 10 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვას და გაუფასურების შეჩერებას არ ჩქარობს. .

ლარის რეკორდულ გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ისევ მოკლევადიან რყევას უწოდებს. კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის ვარდნას ოპტიმიზმით უყურებს და აცხადებს, რომ გაუფასურებას მალე გამყარება მოყვება. ქვეყნის მთავარი ბანკირი კურსის ვარდნის მიზეზებს შორის დოლარის გამყარების ტრენდსა და თურქული ლირის ვარდნას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სრული სურათის დანახვას რამდენიმე თვეში შეძლებენ.

ლარის უპრეცედენტო გაუფასურების ფონზე ქვეყნის მთავარი ბანკირის მიერ გაკეთებული განცხადება დღეს საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკეს. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები თვლიან, რომ ლარის გამო ქვეყნის ეკონომიკა საფრთხეშია. მმართველ გუნდში კი ისევ მშვიდად არიან და პრობლემის მოსაგვარებლად ხელოვნური ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავენ.

სების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი არა გაცვლითი კურსი არამედ ინფლაციაა, რომელიც მისი თქმით ზომიერების ფარგლებშია. რაც შეეხება ფასების ზრდას, კობა გვენეტაძის განმარტებით, წლიური ინფლაციის 4,1%-მდე გაზრდა, საწვავსა და სიგარეტზე ფასების მცირედით მატებამ განაპირობა, თუმცა მისი პროგნოზით ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს მალე დაუახლოვდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განსხვავებით ლართან და ინფლაციასთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ ოპოზიციაში. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ლარის ვარდნა არ არის ერთჯერადი და ის ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული, ამიტომ თლიან, რომ საჭიროა გადასახადების შემცირება და ბიზნესის ხელშეწყობა. ნაციონალურ მოძრაობაში კი ლარის რეკორდულ გაუფასურებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ. დეპუტატები მთავრობას და ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან თვლიან, რომ ლარის ვარდნა უკვე საგანგაშო ხასიათს იღებს.

ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორების გარდა, ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება, მათ შორის ინვესტიციების კლებას. ამბობენ რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა, რაც გავლით კურსზე აისახა. ექსპერტებს ლართან და ინფლაციასთან დაკავშირებით კარგი მოლოდინები არ აქვთ, ამიტომ თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ინვესტიციების ზრდა და საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირება, რათა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებულება შემცირდეს.


Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული