როგორ გამოიყურება ახალი ათლარიანი, რომელიც მიმოქცევაში ოქტომბრიდან ჩაეშვება
ეროვნულმა ბანკმა ახალი 10 ლარის ნომინალის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელსაც მიმოქცევაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან  გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

ლარის ბანკნოტების განახლების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო. პირველ რიგში 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდა. 2017 წელს მიმოქცევაში ჩაეშვა ახალი 5 ლარიანი ბანკნოტები. ათლარიანი ბანკნოტი კი ბოლოა. ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.
Print