“ზარდიაშვილის ქვემოთ აღარაფერია, ფსკერია“ - ბესელიას კომენტარი
ეკა ბესელიამ სასამართლოში სისტემაში მოქმედ კლანზე, „ქართულ ოცნებასთან“ განხეთქილებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე დღეს კიდევ ერთი ვრცელი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, წესით კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რას უკავშირდებოდა ბესელიას მოსაზრებები და პროტესტი ჯერ კიდევ 2013 წელს. ხოლო „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება, როგორც ამბობს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდის შიგნით ეს მოსაზრებები და არგუმენტები უმნიშვნელო გახდა.

„ჩინჩალაძე კობახიძეს აწვდიდა პროექტს და მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. პასუხისმგებლობა ამ პროცესზე მან უნდა აიღოს. ნამდვილად არ წერია კონსტიტუციაში, რომ ის მოსამართლეები უნდა აგვერჩია უვადოდ, რომლებსაც ნდობა არ აქვთ. ეს მოხდა კონსტიტუციის მიღმა“ - აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე თქმით მას ზარდიაშვილის გვარის ხსენებაც კი შეურაცხყოფს, და მის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებაც არ უნდა, რადგან ბესლიას განცხადებითვე, ზარდიაშვილის ქვემოთ აღარაფერია - ფსკერია.

„მე ყველაფერს ვამბობდი შიგნით და პირდაპირ. მე არ ვარ ის, რომელიც გამოიქცევა და ჯერ კამერებით გააგონებს გუნდს რამეს. ბიძინამ არ თუ ვერ გაიხსენა ჩემი მოსაზრებები. შევახსენებ. მე მინდოდა შედეგეი და შიგნით ბრძოლა მინდოდა და როცა ამოვწურე, როცა ჩემს არგუმენტებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მაშინ დავტოვე პარტია, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს და სამწუხაროა თუ ეს ბიძინამ ვერ გაიგო - მგონია, რომ უბრალოდ არ უნდა ამის გახსენება“ - აცხადებს ეკა ბესელია.

Print
ბოლო სიახლეები