"გვახსოვს 7 ნოემბერი და სოლიდარობას ვუცხადებთ ამ დღის ყველა დაზარალებულს"-მოძრაობა "ლელო" განცხადებას ავრცელებს
გვახსოვს 7 ნოემბერი და სოლიდარობას ვუცხადებთ ამ დღის ყველა დაზარალებულს, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამწუხაროდ, მას შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლება და უცვლელი დარჩა სისტემა. დღეს უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა და ის მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, ძალადობრივი სისტემა არ დანგრეულა. ამის ყველაზე ცხადი გამოხატულება 20-21 ივნისის მოვლენებია, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანების ჯანმრთელობასა და ღირსებაზე. ჩვენი მთავარი გამოწვევების რიცხვში კვლავ დგას ძალადობრივი სამართალდამცავი სისტემა, მიკერძოებული მართლმსაჯულება, უპასუხისმგებლო და არაანგარიშვალდებული ხელისუფლება. ამ მოცემულობაში ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ 2020 წელს ჩვენი მიზანი არამხოლოდ არსებული ხელისუფლების შეცვლა, არამედ სისტემური ცვლილებების განხორციელებაა. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ეკონომიკური წინსვლა მიუღწეველ ამოცანად დარჩება, თუ არ მოხდება სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება.

ჩვენ ერთად შევცვლით ამ მოცემულობას იმისათვის, რომ 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენები აღარასდროს განმეორდეს“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
Print
ბოლო სიახლეები