"ლევან აკინმა მე ვარ გეი და მინდა ამ ფილმის გადაღებაო, ქართული ცეკვა არის კაცური"- ნინო სუხიშვილი ლევან აკინზე
გეიდრამა დღეს ხმაურის მოლოდინშია. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა „ამირანის“, „გალერეას“, „თბილისი მოლის“ და „ისთ ფოინთის“ კავეაში საღამოს, 20 საათისთვის იგეგმება. პრემიერას ჩაშლით ემუქრება „ქართული მარში“. მისი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას და „შიშველი ხელებით“ შეეწინააღმდეგებიან ფილმის ჩვენებას.

ლევან აკინთან ზაფხულში  ჩაწერილ ინტერვიუს "პრაიმტაიმი"  ავრცელებს. 

რეჟისორს ლევან აკინს სურდა ფილმი სუხიშვილების ბაზაზე გადაეღო. თუმცა მან ეროვნული ბალეტის დირექტორისგან ნინო სუხიშვილისგან ცივი უარი მიიღო. The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში ლევანი სუხიშვილს მისთვის მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებდა.

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ შევხვდით საქართველოს ეროვნული ბალეტის წარმომადგენელ ნინო სუხიშვილსაც, მისი რეაქცია კი შემდეგნაირი იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ ამ ბიჭს გოგო შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“. ჩვენ მართლა ძალიან გამოგვადგებოდა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. ამას გარდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა საცეკვაო კომპანიებს დაურეკა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. სუხიშვილმა მათ უთხრა, რომ ისინი ვეღარასოდეს იცეკვებდნენ, დაბლოკავდა“ - ამბობს ინტერვიუში აკინი.

როგორც მაშინ „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, წარმოშობით ქართველ რეჟისორ აკინს, სცენარის მიხედვით სწორედ „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მოცეკვავეებზე უნდოდა ფილმის გადაღება და უარი ნინო სუხიშვილისგან ამიტომაც მიიღო.

„ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ-მეთქი, ვუთხარი. და მერე სხვაგან გადაიღო კიდეც.“

რაც შეეხება, ბრალდებას, რომ თითქოს სუხიშვილმა სხვა ცეკვის სტუდიების მოცეკვავეებიც დაუბლოკა, ნინომ ლევანს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით უპასუხა.

ნინო სუხიშვილი: - აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე - ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?


- ქალბატონო ნინო, ფილმი გამოვიდა, რაღაც წარმატებებიც აქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა გეი მოცეკვავე?

- მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი.


Print
ბოლო სიახლეები