კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? - ფარული ჩანაწერების საქმეში ფიგურანტის ძმა
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ანდრეევის ძმას იმ ფაქტების შესახებ ესაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა რუსთავი 2 -ის ეთერში მის მიერ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მისგან ყველაფერს ველოდი, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს - არა. კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა¬ (დიმიტრი ანდრეევი ფაცებოოკ-ში სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. - ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა. ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფაცებოოკ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ! არ ვიცი, რისთვის უნდოდა ეს სპექტაკლი, ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო. ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით. ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან. კაცს სინდისი უნდა გქონდეს, რომ ჩადენილისთვის სასჯელი ღირსეულად მოიხადო. ამ საქმიდან დასაძვრენად არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო და სხვას რაღაცები დააბრალო. ყველა მისი სიტყვა ტყუილია. უნდა გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ალაპარაკებს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" რომა ანდრეევმა.


როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ბუბა ლომთათიძის სახელით დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან, სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


Print
Video ad
ბოლო სიახლეები