მარნეულის ყოფილი მერი ციხეში ყოფნისას განაცდური ხელფასის – 32 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს
მარნეულის რადიოს ინფორმაციით მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. ამ მოთხოვნით მარნეულის საკრებულოს მან დღეს მიმართა. საკრებულომ მისი წერილი დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2018 წლის 13 ივნიის მარნეულელი ელჩინ ალახვეერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 13 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვს, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. სასამართლო საქმის განხილვა აბაზოვის საქმეზე ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია, ცნობს თუ არა მას დამნაშავედ სასამართლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5–დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარით აიძულა ჭიქაში მოეშარდა  და შარდით მოებანა სახე.
პროკურატურის ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი და სხვა პირები.

Print
ბოლო სიახლეები