ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკი და მომწამვლელი ნივთიერება- სკოლებიდან 900-მდე აკრძალული ნივთი ამოიღეს
ცეცხლსასროლი იარაღი,ელექტროშოკი, ნარკოტიკები და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი ნივთები სკოლებიდან ამოიღეს.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს.

იმ ნივთებს შორის, რომელიც მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისგან ამოიღეს, არის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება. სკოლებში ასევე ამოღებულია 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე.

„გაუმჯობესებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმიტომ, რომ მანდატურის სამსახურისთვის, გამოწვევად რჩება, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმიტომ, რომ მეტი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ საერთოდ უსაფრთხოების კომპონენტი გაძლიერებული იყოს სკოლაში. ვატარებთ სხვადასხვა კამპანიას, ღონისძიებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს,“ - განაცხადა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა.

„ჩვენ შევძელით 800-ზე მეტი აკრძალული ნივთის ამოღება. ეს არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენციის შედეგი. მანდატურის სამსახური რეგიონალური სამსახურები ძლიერდება,“- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  მარიამ ჯაშმა.

სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობა ყოფილმა დირექტორმა მარიამ რამინაშვილმა საგანგაშოდ შეაფასა.

„სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობა, თავისებურ ანარეკლს აკეთებს სასწავლო პროცესზეც. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მარიამ რამინაშვილმა.


Print
ბოლო სიახლეები