“რატომ ვარ ვალდებული ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად.“–თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისზე და მის წინააღმდეგ აგრესიაზე
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე განმარტავს, რატომ თქვა უარი 17 მაისის საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობაზე. ის ამბობს, რომ იქ, სადაც დაპირისპირებაა და როცა ადამიანებს საფრთხე ექნებათ, ის არ იქნება. თამრიკო ჭოხონელიძემ ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:
“მე არც ერთხელ უკან არ დამიხევია როცა საქმე საქართველოსთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან იყო დაკავშირებული. ომამდე ტანკისტი ვიყავი და არაფრის არ შემშინებია.

17 მაისი ძალიან კარგად ვიცით რომ უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა ეს დღე. მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და არ არის ლამაზი. უფალმა სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე და არ უთქვამს, რომ ვინც არ მოგწონს ჩაქოლე. დისკრიმინაციაა, როცა სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან, ცემენ, ასეთ ადამიანებს. გეიაღლუმი– ეს სიტყვა ძალიან ხშირად დატრიალდა, მაგრამ გინახავთ ვინმეს გეიაღლუმი? თუ სახლში შემომივარდა და შვილი გამირყვნა, თავსაც შევაკლავ, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე.

დაპირისპირებას რაც შეეხება, ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური მხრიდან გაკეთებული. ეს მაინც პოლიტიკაა. ეს არის საპატრიარქოს პოლიტიკა. ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც რუსთაველზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი ცუდია და არ შეიძლება ადამიანების ჩაქოლვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს შეექმნა საფრთხე, მე მახსოვს რომ მაშინ საპატრიარქო განზე არ იდგა.

მახსოვს მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელისუფლებას და პირდაპირ ხელისუფლების მიმართ გაგზავნა მესიჯი, რომ თუ ასე იქნება და თქვენ ამას მხარს დაუჭერთ, ჩვენ გამოვიყვანთ ბევრ ხალხს და გამოიყვანეს კიდეც.

და მოხდა ძალიან ცუდი რამ. სახელმწიფოს ქონების განადგურებაც და ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაც. ეს ძალადობა იყო თუ არ იყო? მე ვარ ქალი, მე ვარ დედა. ეს შეიძლება რომ მოვიწონო?რატომ არ მინდა მონაწილეობის მიღება ამასაც გეტყვით.ქრისტიანობას საერთოდ არ განსაზღვრავს რამდენად არის ადამიანი ჩართული ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას თავისი პოლიტიკა გააჩნია. ეკლესიას აქვს თავისი გადაწყვეტილებები, მოკლედ, არსებობს ეკლესიის პოლიტიკა.

მე, ჩვეულებრივი მოქალაქე რატომ ვარ ვალდებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად.მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები. მე ბრმად ვერ გავყვები იმ ყველაფერს. პოლიტიკა შეუცდომელი არ არის, არც საპატრიარქოსი.

პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, მე ყოველთვის პატრიარქის გვერდში ვიყავი და ვიქნები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი ხალხი, სიბრმავე და სიბნელე. იმ ხალხმა, რომელიც ტალახს ისვრის თავის დროზე პატრიარქის არ დაინდო.

ეს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს ხომ არ მოხდა.ეს ხომ მოხდა შემდეგ წელსაც.  იმ შეკრებაზე მხოლოდ სექსუალური უმცირესობა ხომ არ იყო. იყვნენ ადამიანები, ვინც მათ იცავდნენ და თვლიან, რომ არ შეიძლება მათი ჩაქოლვა.

მე ჩავთვალე რომ იქ, სადაც დაპირისპირების მარცვალი არსებობს მე არ მინდა.

ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს 17 მაისი, რაც გამოიწვევს და იწვევს კიდევაც დაპირისპირებას.“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.

2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.

17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის არის გალა კონცერტიც ქართველი მომღერლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით. თამრიკო ჭოხონელიძემ ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის მიმართ აგრესია მოჰყვა.

ამ გრესიაზე თამრიკო ჭოხონელიძემ დღევანდელ გადაცემაში ისაუბრა:

“დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და ქართველმა ხალხმა გამოავლინა საშინელი სიბნელე რომელსაც კი ველოდებოდი მაგრამ ასეც არ ველოდი. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, ხალხო რა დაგვემართა.ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ქვეყანაზე. მე ვარ გაოგნებული.ასე როგორ გაგვიმეტეთ ან მე, ან ნატო, ან ნინო ქათამაძე.ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის?არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა?არანაირი საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ არ მაქვს, ვინც თანხმობა განაცხადა. მე რა უფლება მაქვს. მე არ ვარღვევ კანონს. მაქვს ჩემი აზრი. მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება. მაქვს თუ არა? ეს კითხვა უნდა დავსვა. გაოგნებული ვარ.მე მადანაშაულებდნენ პატრიარქის განდგომაში. შემეჯიბროს ნებისმიერი პატრიარქის სიყვარულში.“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
Print
ბოლო სიახლეები