თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება


დღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ორ ეტაპად იმართება.

რეგისტრაციის გავლა 12:00 საათზე იწყება და რეგისტრაციას შეძლებენ:

სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

19 ივნისს, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება ასევე 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება ორი წლის.

ამასთან, წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

Print
ბოლო სიახლეები