ხელისუფლების პირველი პირების რეაქციები გაბუნიას გინებაზე პუტინის მისამართით
კვირას საღამოს "რუსთავი 2-ის" ეთერში გადაცემა "პოსტ-სკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვას, რომელიც გინებას შეიცავდა, რეაქციები ხელისუფლების პირველი პირებისგან მოჰყვა. საავტორო გადაცემის წამყვანის  პირდაპირ ეთერში უცენზურო მიმართვას გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. სამივე მათგანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.
მამუკა ბახტაძემ ეს მიმართვა საშიშ პროვოკაციად შეფასა.
„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, - აცხადებს ბახტაძე.
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა დივანმა კახა კალაძემ გიორგი გაბუნიას მიმართვას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.
ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!"-განაცხადა კახა კალაძემ.
"დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ"-კალაძე
გიორგი გაბუნიას მიმართვა პროვოკაციად შეაფასა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც.
„რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა