"სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება"- აკაკი გოგიჩაიშვილი

""რუსთავი2"-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი,რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა“ - ამის შესახებ ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით ტელეკომპანია „რუსთავი-2“ - მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

თავისუფალია მხოლოდ ის მედია, რომელსაც შეუძლია და მუშაობს მაღალპროფესიული, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით, რომელიც საუბრობს ფაქტებით, არაემოციურად; ნებისმიერ მედიას, რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს, აქვს არსებობის უფლება თუკი არ აქეზებს ძალადობას, დისკრიმინაციას, არ იყენებს უცენზურო ლექსიკას, თუმცა მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას. წლების წინ “რუსთავი 2”-მა დაიწყო მაღალი მედია-სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამიტომაც მე ვიყავი მისი გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არხზე ხელისუფლებას მიჰქონდა რაიმე სახის შეტევა, ხალხი ქუჩაში დგებოდა მის დასაცავად. სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება, სამწუხაროდ ბოლო წლებია “რუსთავი 2”-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილების გამო იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი თუ ვხედავდი ეკრანიდან. უსამართლოა ის რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა“ - წერს გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში


Print
ბოლო სიახლეები