მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი  აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია.

„ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი, იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერ მინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე. მე ვგულისხმობ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რომელთა გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე გამოიყენეს მათი მდგომარეობა და უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა ზვიად კუპრავას, ეს ცალსახად ითქვა, ბატონმა ზაზამ საჯაროდ განაცხადა თავის დროზე. დღეს მე ეს კითხვა შევეკითხე მაგრამ ვერ გაიხსენა. მმართველი გუნდიც არის ამაში გარეული, რომ ოღონდ არ იყოს ბუნტი და მიხეილ კალანდია იჯდეს ციხეშიო. „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ. ბატონი ზაზას პასუხები ჩემს კითხვებზე იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. შესაძლოა, მიხეილ კალანდია იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ჯერ დაზუსტებულად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა ზაზა სარალიძეც.

„ზაზა სარალიძის პასუხები ემთხვეოდა ბრალდების ფორმულირებას, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ასევე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები