"ურცხვი ტყუილი"-ვანო ჩხარტიშვილი ხაზარაძეს პასუხობს

"ურცხვი ტყუილი"-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.

ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.

ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვიცერებელი. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

იგი დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა, ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.

ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, – ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.


Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა