გაოცებული მზერით ამოგვხედა-თბილისის ზოოპარკმა კარაკულა იპოვა
პუდელი კარაკულა, რომელსაც ზოოპარკის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"მოვაბრძანეთ ქალბატონი ბოდიალა 

იუსტიციის სახლთან შეუნიშნავს თანამშრომელს, შეუფარებია და მერე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის უცნობებია ეს ამბავი. მათაც მაშინვე დაგვირეკეს და გვახარეს, არიქა, თქვენი კარაკულა ვიპოვეთო!!! წავედით და დავრწმუნდით რა, რომ ნამდვილად ჩვენი ცანცარა გოგო იყო, წამოვაბრძანეთ სახლში. ცხადია, დიდი ზარ-ზეიმით.

სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, რა გინდოდა, რას დაეძებდიო, ვკითხეთ.

თვალები კი არ უჩანს, მაგრამ აშკარად გაოცებული მზერით ამოგვხედა - რა ამბავი ატეხეთ, რა ქვეყანა შეყარეთ, სასეირნოდ ვეღარ გავსულვარ ამხელა ქალი... ბოლო-ბოლო, ხომ არ გავიწყდებათ, ლომთან ერთად რომ ვარ გაზრდილიო?!

უღრმესი მადლობა იუსტიციის სახლის გულისხმიერ თანამშრომელს, ზოოპარკის ვარსკვლავის შემფარებელს მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency-ს  და დიდი მადლობა თქვენ ყველას, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ ჩვენი სატკივარი და ფაქტიურად მთელი თბილისი რომ ჩართეთ კარაკულას სამძებრო სამუშაოებში "-წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

Print
ბოლო სიახლეები