რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიგო
სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. რესი ერასმუსის გუნდმა ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

„ბოკემ“ ფინალურ მატჩში ფავორიტად შერაცხულ ინგლისთან დიდებულად ითამაშა და მეტოქე მთელ რიგ კომპონენტებში დაჩაგრა. შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში ქულა-ქულაში მიმდნარეობდა. ანდრე პოლარდის ჯარიმებს ოუენ ფარელი ასევე ჯარიმებით პასუხობდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა ორი უპასუხო ჯარიმაც გაიტანეს და საბოლოოდ, ტაიმი 12:6 მოიგეს.

მეორე ნახევარში კი, სამხრეთ აფრიკის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ყველაფერი კი, 66-ე წუთზე გაირკვა, როდესაც ერასმუსის გუნდი 6-ქულიანი უპირატესობით უკვე იგებდა და მაპიმპიმ მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელოს დამიწება შეძლო. აქ ნათელი გახდა, რომ ინგლისი შეხვედრას ვეღარ გადაარჩენდა. ასეც მოხდა, მეტიც, დარჩენილ დროში „ბოკემ“ კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა და საბოლოოდ, 32:12 იმარჯვა.

ამრიგად, 2007 წლის დარად, სამხრეთ აფრიკამ ინგლისს ფინალში აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ დაისაკუთრა (1995, 2007, 2019). ამ შედეგი „ბოკე“ ახალი ზელანდიის ნაკრებს გაუტოლდა, რომელსაც ასევე სამჯერ მოუგია მსოფლიო თასი.

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 12:32 (6:12)

ქულები: 0:3 პოლარდი (10), 3:3 ფარელი (23), 3:6 პოლარდი (26), 6:6 ფარელი (35), 6:9 პოლარდი (39), 6:12 პოლარდი (40), 6:15 პოლარდი (46), 9:15 ფარელი (52), 9:18 პოლარდი (58), 12:18 ფარელი (60), 12:23 მაპიმპი (ლელო, 66), 12:25 პოლარდი (გარდასახვა, 67), 12:30 კოლბე (ლელო, 74), 12:32 პოლარდი (გარდასახვა, 75)
Print
ბოლო სიახლეები