რაგბი ევროპა 2019 : რუმინეთი - საქართველო
9 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები ტურნირზე ძლიერი მოწინააღმდეგით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.
ტურნირში "ბორჯღალოსნების" გარდა მონაწილეობენ რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები.რაგბი ევროპა 2019 სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 17 მარტს დასრულდება ხოლო ხუთიდან  ორი მატჩი საქართველოში ჩატარდება.
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:

უკანა ხაზი [ბექები] : 15.ლაშა ხმალაძე 14.სანდრო თოდუა 13.მერაბ შარიქაძე კაპ. 12.გიორგი კვესელაძე 11.ზურაბ ძნელაძე 10.თედო აბჟანდაძე 9.ვასილ ლობჟანიძე

შერკინება [ფორვარდები] : 1.გურამ გოგიჩაშვილი 2.შალვა მამუკაშვილი 3.ბექა გიგაშვილი 4.დავით გიგაური 5.გიორგი ნემსაძე 6.ბექა საღინაძე 7. გიორგი ცუცქირიძე 8. ბექა გორგაძე

„2019 წელს „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ არატრადიციულად იწყება, რადგან პირველი მატჩი რუმინეთთან გვიწევს. პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია და მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ იქნება მარტივი შეხვედრა. რუმინეთის ნაკრები ძალისმიერ რაგბის თამაშობს, თან საკმაოდ მორბენალი და სწრაფი ხაზი ჰყავთ. ჩვენც კარგად მოვემზადეთ. გუნდში არიან დებიუტანტები. მათი შემოდინება ნაკრებში უმტკივნეულოდ ხდება. ახალგაზრდები კარგად არიან გაწვრთნილები და კარგი უნარ-ჩვევები აქვთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

„ძალიან რთული მატჩი გვექნება. რუმინელებმა „რაგბი ევროპაზე“ მხოლოდ საქართველოსთან სათამაშოდ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე თითქმის ყველა ლეგიონერი გამოიძახეს. აქედან გამომდინარე მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა. გუნდი ორი კვირაა ემზადება და კარგი შეკრება გამოგვივიდა. შერკინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. გახსოვთ ორი წლის წინ სწორედ შერკინებაში გაგვიჭირდა და თამაში წავაგეთ. ამ ეტაპზე კარგად ვართ მზად და წარმატების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჩილაჩავამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 10-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017), თუმცა რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ბოლო ტიტული (2017) ოფიციალურად ჩამოართვა მათ. ტურნირი  ერთხელ მოიგო პორტუგალიამ (2003/04), რომელიც ახლა ელიტაში აღარ არის.

 

Print
ბოლო სიახლეები