ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია- გერმანიის ელჩი საარჩევნო სისტემაზე

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი.

მან არსებული სიტუაცია მთაზე ასვლამდე რამდენიმე მეტრის დარჩენას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ ბოლომდე ასვლა მოხერხდება.

,,უკვე სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია ამ შეთანხმების მიღწევას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც მაღალ მთაზე ადის ჯგუფი და სამწუხარო იქნება, რომ როცა რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვეღარ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში შედეგს მივაღწევთ და ყველა მონაწილე მხარე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა.

დღეს ,,ქართულმა ოცნება” ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ კანონმდებლობაში გაიწეროს 40% პრინციპი და პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს კანონი მეორეხარისხოვნად აქცევს მანდატების განაწილების სხვა პროპორციებს.

ოპოზიციის მოთხოვნაა, მმართველმა ძალამ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლობული საარჩევნო მოდელი მიიღოს  და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა ოპონენტებზე, მათ შორის, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. თუმცა ,,ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას.