“ამ შემთხვევაში “ტრადიცია” მავნე სისულელის, ჯიბრიანი უტვინობის გამოხატულებაა.“–ლაშა ბუღაძე კორონავირუსის პანდემიაზე

მწერალი ლაშა ბუღაზე კორონავირუსის პანდემიაზე ქართული საზოგადოების ნაწილის და ეკლესიის რეაქციას ფეისბუქ სტატუსით პასუხობს:

“სწორედ ეს განსხვავებაა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ტრადიციის მექანიკური ერთგულებით გამოწვეულ უპასუხისმგებლობას შორის (გინდა სოციალური იყოს ეს ტრადიცია და გინდა რელიგიური).

ტრადიციის ჩვევა ზომბივით გიხმობს ჩადგე წირვაზე, აღნიშნო “რომანოვის 40”, “წლისთავზე” ჩაჯდე ან ისევ და ისევ ჯიუტი უგულობით, კოლექტიურად “იზეიმო” აღდგომა თუ ნოვრუზი. ტრადიცია არ აზროვნებს, ამ შემთხვევაში “ტრადიცია” მავნე სისულელის, ჯიბრიანი უტვინობის გამოხატულებაა.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კი ამ მექანიკურობაზე უარის თქმაა, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზნეობრივი აქტია. აქაც, ისევე როგორც არაერთხელ ყოფილა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება კოლექტიურ ჩვევას უპირისპირდება: ვინც ახლა პირდაპირი თუ გადატანილი მნიშვნელობით იცავს ინდივიდუალური თავისუფლებით შემოსაზღვრულ სივრცეს, სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, სხვაზე ზრუნვა კი ახლა საკუთარ თავზე ზრუნვაა. სინამდვილეში, სწორედ ესაა რელიგიური მდგომარეობა, და არა “საკუთარი სულის გადარჩენის მიზნით” დგომა წირვაზე გონწართმეული, თანაგრძნობის არმქონე ზომბივით…