“ბევრი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს, სანამ ეპიდემია დასრულდება“–ბრიტანეთის პრემიერი ზომებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ახალ ზომებს იღებს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ. პრემიერ ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთში კორონავირუსთან ბრძოლა შემდეგ სტადიაზე – ვირუსის გავრცელების შენელებაზე გადადდის.

ვირუსის შეკავების სტადია დასრულებულია, ექსპერტები აღიარებენ, რომ ვირუსი აუცილებლად გავრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს.

ხუთშაბათს საღამოს ბრიტანეთში 596 ინფიცირებული იყო და ათი გარდაცვლილი. ქვეყანაში დაახლოებით 30 000 ტესტი ჩატარდა.

სპეციალისტები და ხელისუფლება ხაზს უსვამენ, რომ ოფიციალური ციფრები მხოლოდ აისბერგის წვერია. როგორც სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს განიცდის, ექიმებს არ მიმართავს და ვირუსის “ფეხზე გადატანა“ ხდება. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ინფექციის გამარვცელებელი.
ამიტომაც მიახლოებითი შეფასებით ბრიტანეთში შესაძლოა უკვე 5–10 000 დაინფიცირებული იყოს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ამ თვალსაზრისით ოთხი კვირით ჩამორჩება იტალიას, სადაც უკვე ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

“ეს ჩვენი თაობისთვის ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მძიმე კრიზისია„ – განაცხადა პრემიერმა ჯონსონმა და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს თვეებში ვირუსი ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში გაგრძელდება.

“ბევრი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს მანამ, სანამ ეპიდემია დასრულდება“ – დასძინა პრემიერმა.

მოქალაქეებს დაავადების თუნდაც ყველაზე მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც არის მუდმივი ხველა და ტემპერატურის მატება რეკომენდაცია ეძლევათ სახლში დარჩნენ მინიმუმ შვიდი დღე.

ასაკოვან ადამიანებს კი დაჟინებით აძლევენ რეკომენდაციას უახლოეს კვირებში სახლიდან არ გამოვიდნენ.

ხელისუფლება სპორტული შეჯიბრებების და მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესაძლებლობასაც განიხილავს. სკოლები ჯერჯერობით არ დახურულა, თუმცა ეს ზომა კონკრეტულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, თუ დაინფიცირების კერები გაჩნდება. სკოლებისთვის უცხოეთში გამგზავრებები აკრძალულია.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონსონმა ყველა გააფრთხილა, რომ დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამჟამად ხელისუფლებების წინაშე დგას ამოცანა ვირუსის გავრცელება შეანელონ. პრემიერის თქმით, თუ ვირუსის პიკი რამდენიმე კვირით შეკავდება, ეს ჯანდაცვის სისტემას მომზადების საშუალებას მისცემს.

ხელისუფლება დაავადებულთა დიდ რაოდენობას ელოდება, თუმცა იმედი აქვს რომ ეპიდემიის პიკს გადაავადებს და მაქსიმალურად შეამსუბუქებს, რადგან ერთბაშად ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეუძლებელს გახდის.

ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დროს მოიგებს და ვირუსს გაზაფხულის ბოლომდე ან ზაფხულამდე გადაავადებს, როცა სამედიცინო დაწესებულებები სხვა ვირუსით დაავადებულებით ნაკლებად არიან დატვირთული. მანამდე შესაძლოა პროგრესი მოხდეს წამლების ტესტირებასა და ვაქცინის შემუშავებაში, მოხდეს მკურნალობის მეთოდების სრულყოფა.