ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი წაუყენონ

ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის წინააღმდეგ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდება მოამზადა.
ბრალდება პრეზიდენტის ბრძანებას ეხება, რომლის თანახმად, ბრაზილიის პორტების მართვის ნორმები გამარტივდა.

გამოძიება მიიჩნევს, რომ მიშელ ტემერს შეეძლო, აღნიშნულ ბრძანებაზე ხელი მოეწერა კონკრეტული კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, და სანაცვლოდ, გასამრჯელო მიიღო.

თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტს, მიშელ ტემერისთვის ბრალდების წაყენების საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესი ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებაში ვერ დაიწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2019 წლის პირველ იანვარს იწურება, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტის ჟაირ ბოლსო-ნარუს ინაუგურაცია გაიმართება.