Covid-19-ის პლაზმით მკურნალობა სულ უფრო იმედისმომცემი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი საპილოტე კვლევის მიხედვით  ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებაზე დიდი გავლენა მოახდინა ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმამ. კვლევის დროს  Covid-19–ით დაინფიცირებულ და  მძიმე მდგომარეობაში მყოფ 10 ზრდასრულ პაციენტს მხოლოდ ერთი დოზა (200 მილიგრამი) ანტისხეულები გადაუსხეს, რომელიც ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სხეულიდან აიღეს. ამას შედეგად მიჰყვა ივრუსისგან უფრო სწრაფი გათავისუფლება, ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესება, სიმპტომების ხანგრძლივობის შემოკლება და სიცოცხლის გადარჩენის მეტი შესაძლებლობა მიიღეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმის შემდეგ, პაციენტებში კლინიკური სიმპტომების შესამჩნევი გამოკეთება პირველი 3 დღის განმავლობაში დაიწყო. ვირუსი კი სისხლიდან დაახლოებით 7 დღეში ალაგდა. რადიოლოგიურმა ტესტებმაც ფილტვებში მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა.

კვლევის ავტორების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რომ გამომჯობინებული ადამიანის პლაზმა  Covid-19-თან ბრძოლაში შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს. თუმცა, მარტო 10 ადამიანზე დაკვირვება ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პლაზმის პოტენციალზე მიუთითებს და მის სამკურნალო მეთოდად დამტკიცებას, გაცილებით უფრო მასშტაბური კვლევა დასჭირდება.

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობა, ანუ მის სისხლში გამომუშავებული ანტისხეულების შეყვანა დაავადებულის ორგანიზმში მედიკოსებს  სხვა რესპირატორული ინფექციების აფეთქებისასაც გამოუყენებიათ და ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, მათ შორის 2009-2010 წლებში ეიჩ-1-ენ-1 (H1N1)–ის ვირუსული პანდემიის დროს, 2003 წელს SarsCov-1 ეპიდემიის და 2012 წელს MersCov ეპიდემიის დროს.

ამიტომაც შეაჩერეს მეცნიერებმა ყურადღება ამ მეთოდზე, რადგან როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების და ვაქცინის შემუშავებაზე არაერთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ახალ წამალს მისი წარმატებით შექმნის შემთხვევაშიც ფართო მოხმარებაში გაშვებამდე მინიმუმ ერთი წელი ჭირდება.  უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენებას კი ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები უდგას წინ.

აშშ–ს საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამ თერაპიის ექსპერიმენტულ მეთოდად გამოცდის ნებართვის გაცემა სხვადასხვა კლინიკებისთვის, დაახლოებით ორი კვირის წინ, 24 მარტს დაიწყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა, რომელიც Covid-19-ის გამომწვევი  ვირუსის ანტისხეულებს შეიცავს შესაძლოა ინფექციის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდეს.

პლაზმის გამოცდა ამერიკაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც იწყება. კლინიკური გამოცდა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს სულ რამდენიმე დღის წინ, პარასკევს, 3 აპრილს დაუმტკიცა. მანამდე, მარტში, ექიმების და მეცნიერებისგან შემდგარმა მულტიდისციპლინარულმა გუნდმა კვლევის დაფინანსებისთვის 4 მილიონი დოლარი მიიღო.

ექიმი არტურო კასადევალი, ჯონს ჰოპკინსის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი ფიქრობს, რომ პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უნდა გადაუსხან. მან ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევას ჩაუდგება სათავეში და კლინიკურ გამოცდებს ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში უხელმძღვანელებს.

ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის მსოფლიოში 1400 000–ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 81 000–ზე მეტი.