"თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?"- მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს
ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მიუძღვოდა, ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმეს კურთხევით პარაკლისი აღავლინეს.

„მსვლელობა მშვიდობიანია. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ თანადგომა პატრიარქის და ეკლესიის მამამთავრის ილია მეორეს მიმართ“, - განაცხადა მეუფემ და დასძინა, ჩვენ ხშირად ვიძახით - გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ პატრიარქს, დღეს დადგა დრო, რომ არამხოლოდ სიტყვით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, არამედ საქმითაც. „ჩვენი მსვლელობაც ამას ემსახურება, მშვიდობიანად გავიაროთ დადიანების ტაძრიდან მშენებარე ტაძრამდე გზა, გადავიხადოთ პარაკლისი და ღმერთს შევთხოვოთ პატრიაქრის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მეუფემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა დღევანდელი მსვლელობა საპატრიაქროში განვითარებულ მოვლენებს, მეუფე გერასიმე აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ უკავშირდება, რადგან პატრიარქის მიმართ იყო ბრალდებები.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მან სინოდზე დააფიქსირა.

„ჯობია, რომ დღევანდელ თემაზე ვილაპარაკოთ. ჩვენი პოზიცია ეკლესიამ გამოხატა წმინდა სინოდზე. მე გეკითხებით, თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?“- მიმართა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს.
Print
ბოლო სიახლეები