უფლის ნებაა, რომ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში - ლევან ვასაძე
“უცებ მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში”,- ამის შესახებ ლევან ვასაძემ განაცხადა. მისი თქმით იქ იყვნენ ადამიანები ვინც პიროტექნიკას ისროდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს “ჩვენ მათ ვერ გავაკონტროლებდით და კიდევ უარესს იზამდნენ”.

გარდა ამისა, ლევან ვასაძე ამბობს, რომ გუშინდელის განმეორების საჭიროებას დღეს ვერ ხედავს.

„არ ვხედავ აქ რაღაც საჭიროებას გუშინდელის გამეორებისა, რაღაც აღტკინებას და უამრავ ხალხს, რომელიც იწევს, რომ კინოთეატრის წინ მდგომ ათასობით პოლიციელს შუბლით შეასკდეს. ნამდვილად ყველა ადამიანი მეცოდება, პოლიციელებიც და ხალხიც, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თავისუფალი ნებით მოვიდა აქ, არავისთვის დაგვიძალებია. ამიტომ ჩვენი პროტესტის ფორმა გაგრძელდება, სანამ ეს უბედურება იქნება. დღეს თუ სეანსებს ჩაატარებენ, ვისაც როგორ უნდა. ვიცი, ნაწილი აპირებს პლაკატების სახით გააპროტესტოს, ზოგი პარაკლისს გადაიხდის, ზოგი უბრალოდ დადგება, ზოგი სახლში წავა. დღეს არავითარი ორგანიზატორის ფუნქციას არ ვთაობ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, რასაც დღეს ვაკეთებთ და რასაც ხვალ გავაკეთებთ, არის ძალიან წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია ამ გარყვნილების უარყოფის და არმიღებისა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ქმედების შედეგად, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი და რა არის ცუდი და გააკეთებს სწორ არჩევანს. ხვალ, ისევ მოვალ ამის გასაპროტესტებლად, ისევ ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ვისაც როგორ გვინდა, გავაგრძელოთ ეს პროტესტი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო. ფილმს საქართველოში 9 და 10 ნოემბერსაც უჩვენებენ, ჰომოფობიური აქციის გამართვას ამ დღეებშიც გეგმავენ.
Print
ბოლო სიახლეები