ზაზა სარალიძე ტრაგიკულ დღეს იხსენებს - ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
ორი წლის წინ, პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ემსხვერპლნენ. შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე იმედით ელოდება დღეს, როცა სამართლიანობას მიაღწევს.

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ტრაგიკულ დღეს იხსენებს.

„ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან, რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში, რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა.
რა გითხრა მამი, არ ვიცი........
ვფიქრობდი, რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ!!!!!
ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ, სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა ისეთი......
მალადეც მამი!!!!
სწორი არჩევანი გააკეთე!!!!

ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე.
2017 წლის 1დეკემბერს დაახლოვებით 14 საათზე სადისტურად იქნა მოკლული მათივე თანატოლების მიერ!!!!

ლევან!!!
დათო!!!
მალადეც ბიჭებო!!!
თქვენ დაანახეთ ქვეყანას ღალატი და თქვენ აუხილეთ თვალი ყველა იმ ქართველს, ვისაც სიმართლე სწყურია!!!
თქვენ ახადეთ ფარდა სიცრუეს და ორპირობას!!!
თქვენ გაყავით ბოროტი და კეთილი!!!
თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას, ვინც თქვენს წინაშე იტყუება!!!ისინი უფლის წინაშე იტყუებიან!!!
თქვენ როგორც გეკადრებათ, ზუსტად ისე დასრულდება ყველაფერი!!!
თქვენ სულს ვენაცვალე ბიჭებო!!!

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი შენი ლევანი და დავითი და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ“, - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

2017 წლის პირველ დეკემბერს, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Print
ბოლო სიახლეები