“იმედია თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს“–ამერიკელი კონგრესმენის უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, წერილი მიწერა.მარკვეინ მალინი   საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი დასავლური ინვესტიციებისთვის გაუარესებულ კლიმატზე, დემოკრატიის პრობლემებზე და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობაზე. 

“როგორც კონგრესის წევრი ამ წერილს ვწერ იმ მზარდი შეშფოთების გამო, რომელსაც განვიცდი საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და ამასთან დაკავშირებული მისი ეკონომიკური წინსვლის შეჩერების გამო.

ამ პრობლემების გამო შევუერთდი ჩემი კონგრესმენი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს – ადამ კიზინგერის და გერი კონოლის ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც გამოგიგზავნეს 2019 წლის 13 დეკემბერს. რომელშიც გამოთქმული იყო შეშფეთება იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარყოფილ იქნა დაპირებული დემოკრატიული რეფორმები, ასევე იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობას.

მიუხედავად საქართველოს პროგრესისა მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბოლო წელმა აჩვენა განგრძობადი ნეგატიური ტენდენცია დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ამერიკის შეერთებულ შტატებში.შედეგად საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, რადგან აშშ–ს და ევროპული ბიზნეს ინტერესები საქართველოში დევნისა და ექსპროპრიაციის ქვეშ აღმოჩნდა.

ამის მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

ასეთი გაუარესებული გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც ასახავს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს.

პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.

იმ უარყოფითი ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტენდენციის შესაჩერებლად სულ უფრო ხშირად გამოითქმის შეშფოთება, ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე.

იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთების საპასუხოდ, რომელიც ეხება საფრთხეებს დემოკრატიისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომლებსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს ”– ნათქვამია კონგრესმენის წერილში, რომელიც მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე 17 იანვარს გამოაქვეყნა.



Print
ბოლო სიახლეები