თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 1466 ადამიანი. ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში უკვე რამდენიმე საათია რაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ, ელაზიგის პროვინციაში გადაარჩინეს ქალი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა.

საავადმყოფოებში მკურნალობას 120-ზე მეტი დაშავებული გადის. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.


Print
ბოლო სიახლეები