გიორგი გახარიას წერილს კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინა შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის და პროტესტის ჩახშობის გამო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.


"გწერთ, რათა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ. ბოლო 29 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის ჩასახვა, ეკონომიკის ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრად გაუმჯობესება. ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ საქართველოს ერთგულება რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითი იყო.2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ორივე ვაკვირდებოდით და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე საქართველოში დემოკრატიის ამ მთავარი პრინციპების დაცვამ. უკვე ათწლეულებია, აშშ საქართველოს განვითარების მოწადინებული მხარდამჭერია.

თუმცა, ჩვენ უფრო და უფრო გვაშფოთებს უკანასკნელი პერიოდის მოვლენები, რაც ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს. აქ ორი ყველაზე კრიტიკული საკითხია: დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა. ჩვენ ვხვდებით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას იმისთვის, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ შემდგარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი და ამავდროულად მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, აშკარა ნიშანია, რომ ამ ჩაგდების გამო უკმაყოფილებაა. მთავრობის მიერ პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით - მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ, როგორც აღნიშნა ეუთო-მ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს"-წერია წერილში.

Print
ბოლო სიახლეები