შეიძლება, იძულებულები გავხდეთ, ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ- სენატორები გახარიას
სენატორები, ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილს უგზავნიან, რომელშიც აფრთხილებენ, რომ რეფორმების შეფერხებამ და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდამ შესაძლოა, საქართველოსთან პარტნირობის გადახედვის საკითხი დააყენოს.

აქამდე პარტნიორობის შეწყვეტის საკითხი ვაშინგტონიდან გამოგზავნილ არც ერთ წერილში გაჟღერებულა. წერილი მით უფრო საყურადღებოა იმ მიზეზითაც, რომ მას საკმაოდ მაღალი რანგის სენატორები აწერენ ხელს - ჯეიმს რიში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეა, ჯინ შაჰინი კი ამავე კომიტეტის წევრი. 

სენატორების უპრეცენდენტო გზავნილის მიზეზი ის არის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით , განსაკუთრებით კი, პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებით და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით. მათი შეფასებით, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა, საქართველოს უკუსვლის მტკიცებულებაა.

,,გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით - მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ, როგორც აღნიშნა ეუთო-მ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ",- წერენ სენატორები.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ საქართველო იქნება სანდო, დემოკრატიული და სტაბილური დასაყრდენი.

,,ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს" - ნათქვამია სენატორების წერილში.



ეს უკანასკნელი და ყველაზე მაღალი რანგის სენატორების წერილია, რომელიც გახარიამ ვაშინგტონიდან მიიღო. მანამდე პრემიერს შვიდმა კონგრესმენმა და სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნეს წერილები და მთავრობის ქმედებები გააკრიტიკეს. მათ შორის, პროპორციულის ჩაგდება, ოპოზიციურ ლიდერებზე და მედიაზე ზეწოლა, სასამართლო სისტემა და ა.შ.


Print
ბოლო სიახლეები