მავთულხლართების ზონა:ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზებზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა
„მავთულხლართების ზონა“ ასე ქვია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზეა საუბარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში 8 ვიზიტი განახორციელა. შეხვედრები გაიმართა ასევე  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. გამოკითხვის გზით და სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილი პრობლემები გაანალიზდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით.

ანგარიში ასახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივ უფლებადარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე ადამიანთა დაკავება ხშირად ხდება  ე.წ. გამყოფი ხაზების მიღმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია პროგნოზირება, თუ რა ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს მათი დაკავება. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას.

აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა.

გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ეს შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.

Print
ბოლო სიახლეები