რა გაფრთხილება მიიღო ივანიშვილმა აშშ–დან
საქართველოში მყოფი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. ინფორმაციას და კადრებს შუშის სასახლეში ვოლკერის ვიზიტის შესახებ კურიერი ავრცელებს. კურიერის ინფორმაციითვე სასაუბრო თემა TBC ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იყო და ვოლკერმა დღეს საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ ბრძოლის ასეთი მეთოდებით ცეცხლს ეთამაშება და შესაძლოა ქვეყანა ინვესტორების გარეშე დატოვოს. ივანიშვილთან აუდიენციას წინ უძღვოდა შეხვედრა პრემიერ ბახტაძესთან.

კურტ ვოლკერმა შეხვედრის შემდეგ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ვოლკერი რუსეთის ეჭვებზეც საუბრობს, რომ პორტმა შესაძლოა ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პორტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მან როგოც გემები, ასევე წყალქვეშა ნავებიც მიიღოს.
„პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,“ - აღნიშნა ვოლკერმა.
კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განვითარების გზას დაადგება.
„მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,“ - აცხადებს კურტ ვოლკერი.

კურტ ვოლკერი ამერიკელი კარიერული დიპლომატია. 2008–2009 წლებში იყო აშშ–ს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. 2011 წლიდან მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორია. 2017 წლის ივლისიდან კი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.

საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზი სავარაუდოდ ის შეშფოთებაა, რომელიც დასავლეთში საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების სერიოზული დარღვევებით ჩატარება, მედიასთან, ბიზნესთან, სასამართლოსთან და ზოგადად დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ მან ივანიშვილს ამ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ–ს გზავნილები გადასცა. მისი მოვლინება საქართველოში სავარაუდოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში უკვე ერთი წელია ელჩი არ ყავს. იან კელის ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ საქართველოში ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა. თავდაპირველად კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა მოგვიანებით სოლიდურმა უცხოურმა გამოცემებმაც გაიმეორეს. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ცნობით ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი ის შეხედულება გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს. აშშ–ს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკი სხვა კანდიდატურით აღარ ჩაანაცვლა და საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის ნოემბერში როს უილსონი მოავლინა.
Print
ბოლო სიახლეები