კლანი უნდა წავიდეს – არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტში
“კლანი უნდა წავიდეს“ ამ წარწერიანი მაისურებით მივიდნენ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყეს. კომიტეტში სამი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი. ერთი ეკა ბესელიას ეკუთვნის, მეორე ირაკლი კობახიძეს და მესამე ევროპულ საქართველოს.

არასამთავრობოები თვლიან, რომ არცერთ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება შედეგი, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს.

''მნიშვნელოვანია ხელისუფლებას, პარლამენტს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამ ცვლილებებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის გავლენიანი ჯგუფი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ კლანი სასამართლო სისტემიდან წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა ეს არის შელამაზება და ის ვერ აზღვევს იმ პრობლემებს, რომელიც სასამართლოს წინაშე არის. ამიტომ თუ ვინმე იკითხავს, რომელ კანონპროექტს ვუჭერთ მხარს, კიდევ ერთხელ ვამბობ კანონპროექტებს კი არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ კლანის სასამართლო სისტემიდან წასვლას'' – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე.



Print
ბოლო სიახლეები