"ძალიან ბევრ რამეზე ამეხილა თვალი"- ზაზა სარალიძის სკანდალური განცხადება
"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე"- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გააკეთა.

„გამოსავალი არ არის ხელისუფლების ხშირი ცვლილება. ხალხმა ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, არამედ ვაიძულოთ, შეცდომა გამოასწოროს და მთელი თავისი ძალისხმევა სამართლიანობასა და კანონის სამსახურში ჩააყენოს“, – აცხადებს სარალიძე.

ზაზა სარალიძე უკვე ორი თვეა, პარლამენტის შენობასთან კარვების აქციაში აღარ მონაწილეობს.

გარდა ამისა, ზაზა სარალიძე კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობასთან" რაიმე კავშირს და ამასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა! თქვენი გაზეთი მაძლევს საშუალებას, შევიტყო, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი“, – აცხადებს სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

„ძალიან გავღიზიანდი, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორობა დამაბრალა. ვიცი, რომ ამ ინტერვიუს წაიკითხავს და თქვენი გაზეთით მივმართავ, ბატონო ბიძინა, შეცდომაში ხართ შეყვანილი, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და, მით უმეტეს, კოორდინატორი“, – მიმართა სარალიძემ ივანიშვილს.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება შვიმკვდარი მამის პოზიციის რადიკალური ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით სარალიძე კომენტარს არ აკეთებს.

Print
ბოლო სიახლეები