"არ მჯერა თქვენი,ფასადურია ასეთი შეხვედრები" შშმ ბავშვის მშობელი ივანიშვილს მიმართავს


შშმ ბავშვის მშობელი და ამავდროულად ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიმართავს. მარი კორკოტაძე იმ შეხვედრას აკრიტიკებს, რომელიც“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარე გია ძნელაძესა და  ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა. კორკოტაძე აცხადებს, რომ მშობლები  შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, ხოლო გია ძნელაძე თემს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ეს შეხვედრა მისი განცხადებით, "ფასადური" იყო.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს!

როდესაც ამბობთ, რომ თქვენი მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვაა, არ მჯერა თქვენი. უფრო მეტიც, მგონია რომ ფასადურია თქვენი ასეთი შეხვედრები. წინააღმდეგ შეხვედრაში, მოიკვლევდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დღე და ღამ, თავდაუზოგავად შრომობენ (მერწმუნეთ საერთოდ არ გაგიჭირდებოდათ ჩვენი მოძებნა). ეს ადამიანები გახლავართ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ყველანაირი დაფინასნების გარეშე, ცარიელი ხელებით ვიბრძვით და რეალურ ცვლილებებს ვახდენთ ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ.

მაგრამ თქვენ შეხვდით მხოლოდ გია ძნელაძეს, რომელიც გახლავთ თქვენი პარტიის წევრთან, რატი იონათამიშვილთან დაახლოებული პირი, და რომელთანაც შეხვედრა შემოგთავაზეს.

გია ძნელაძეს არასდროს არაფერი გაუკეთებია არც მშობლების გასაძლიერებლად და არც ინტელექტუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების დასახმარებლად, და რაღა თქმა უნდა, არც/ვერც ისაუბრებდა ჩვენი შვილების პრობლემებზე.

ბატონ გიასთანაც მექნებოდა ერთი კითხვა, რა უფლებით იღებთ ამხელა პასუხისმგებლობას და მიდიხართ ასეთ შეხვედრაზე ისე, რომ არც კი გვაგებინებს ამის შესახებ?

პ.ს. ბატონო ბიძინა, იქნებ მომავალში ჩვენც გვკითხოთ ხოლმე, თუ რა პრობელემს აწყდებიან ჩვენი შვილები? იმდენ პრობლემებს მოგიყვებით, ნამდვილად გაოცდებით, მერწმუნეთ,”- წერს  კორკოტაძე.


ბიძინა ივანიშვილისა და გია ძნელაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”  ფეისბუქის გვერდზე 2 დღის წინ გავრცელდა.მათი ინფორმაციით,  შეხვედრის მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვა იყო. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა შშმ პირთა თემს მხარდაჭერა აღუთქვა.




Print
ბოლო სიახლეები