თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა - ლაშა ბუღაძე ლგბტ აქციის და კონტრაქციის შესახებ
მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ლაშა ბუღაძე რუსულ კვალზე საუბრობს.
მისი თქმით, სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში შედის საქართველოში რეალობის არევა.

„რასაკვირველია, რუსეთი, ФСБ, КГБ, რომელმაც ინსტრუმენტად აქცია, ნაწილობრივ, ეკლესიაც, იყენებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არის რეალობა, აგვირიოს ქვეყანა და ამისთვის ჰყავს ასეთი ინსტრუმენტები, პოპულისტები, დემაგოგები, რომლებიც ძალიან სახიფათოდ ეთამაშებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ. არ უნდა მოტყუვდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდება,“ - აცხადებს ლაშა ბუღაძე.

საგანგაშო სცენარი - მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

მწერალი, ნენე კვინიკაძე ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოწოდებით „ქუდზე კაცი“ საზოგადოებას ლგბტ თემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ნენე კვინიკაძე აღნიშნული მოძრაობის ქმედებებში რუსეთის ინტერესებს ხედავს.

„ძალიან საეჭვო არის ხოლმე ის გარემოება, როდესაც ამ ადამიანებს, მოწოდებით „ქუდზე კაცი გავიდეთ“, ვერ ვხედავთ მაშინ, როდესაც მართლა ქუდზე კაცია ხოლმე საჭირო. ქუდზე კაცი უნდა გადიოდეს მაშინ, როდესაც სიღარიბის ყველა კოეფიციენტს ქვემოთ ჩავედით, როდესაც მაღაროელების ამბები იყო. ცალსახა არის, რომ ეს არის მართული პროცესი, პირველ რიგში, ყველაზე, მეტად ვისაც არ უნდა ჩვენი კარგად ყოფნა, ეს არის რუსეთი, რუსეთს ჰყავს თავისი აქტიური მოთამაშეები, დაფინანსებული, ძალიან ზუსტად შერჩეული. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული თამაშის გაგრძელება, ერთ-ერთი სერია, შეიძლება ასე ვთქვათ,“ - განაცხადა ნენე კვინიკაძემ.

მწერალი ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ საზოგადოებამ ლევან ვასაძის მოწოდებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„ეს არის ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება და ვისაც ან ეს ქვეყანა უყვარს, ან თავისი ოჯახი ან შვილები და უნდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ამ რუსეთის დავალებების შემსრულებელ კაცს არ უნდა აყვეს არაფერში,“ - განაცხადა ქეთი დევდარიანმა.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.
Print
ბოლო სიახლეები